მთავარი / სპორტი / სპორტულ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი გურამ კაშიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
სპორტულ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი გურამ კაშიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

სპორტულ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი გურამ კაშიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

სპორტულ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელისა და არნემის „ვიტესის“ კაპიტნის – გურამ კაშიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ხელმომწერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ გურამ კაშიას და აცხადებენ, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგნი არიან.

ჟურნალისტები მოუწოდებენ ყველა მედიასაშუალებას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ამ თემის გაშუქებას და მაქსიმალურად შევიკავონ თავი სიძულვილის ენის ტირაჟირებისგან.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელისა და არნემის „ვიტესის“ კაპიტნის – გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ არასასიამოვნო აჟიოტაჟს, რომელიც ფეხბურთელის დისკრედიტაციისკენაა მიმართული და ის ღია აგრესიის ადრესატი გახდა. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ მოხერხდა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის სახელით ერთიანი განცხადების შემუშავება და გავრცელება. ამიტომ, ამ განცხადებას ხელს მხოლოდ სპორტულ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი აწერს.  ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც განცხადების შინაარსს გაიზიარებს, ხელმომწერთა სიას დაემატება. უეფა გამორჩეულია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლით და საფეხბურთო სამყაროში ყველაზე ცნობილი ლოზუნგები, სწორედ, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს უკავშირდება – ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ! პატივისცემა! ვფიქრობთ, ფეხბურთს აქვს ის არაჩვეულებრივი უნარი და ძალა, რომ საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგ გააერთიანოს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გმობენ ძალადობას მოედანზეც და ცხოვრებაშიც.  სწორედ, ამის დასტურია გურამ კაშიას საქციელი. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ნაწილმა კაშიას მიერ ძალადობის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობა არაერთგვაროვნად აღიქვა, რაც შეიძლება ამ საკითხის შესახებ არაინფორმირებულობას დავაბრალოთ.  სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას საწინააღმდეგო კამპანია აგორდა, რომელიც სრულიად სცდება ყოველგვარ მორალურ ჩარჩოებს.  სამწუხაროდ, შესცოდა მედიამაც. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა გურამ კაშიასთან დაკავშირებული რამდენიმე არასწორი ინფორმაცია. მედიას საკუთარი წვლილი შეაქვს ყოველივე იმის წარმოჩენაში, რასაც საზოგადოება მისაღებად, ანდა სულაც – უპატიებლად მიიჩნევს.  ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ თემის გაშუქებას, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სიძულვილის ენის ტირაჟირებისგან; უნებლიედ არ გავხდეთ კონფლიქტის გაღრმავების მაპროვოცირებლები.  სოციალურ ქსელებში გაჟღერდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთის შესახებ, რაც სრულიად დაუშვებლად და არაადეკვატურად მიგვაჩნია.  ამიტომ, სპორტული ჟურნალისტები გურამ კაშიას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და საჯაროდ ვაფიქსირებთ, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვართ. გურამ კაშია იყო, არის და იქნება საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი და ის კიდევ არაერთხელ მოირგებს ეროვნული გუნდის მაისურს. გვინდა მოვუწოდოთ გულშემატკივარს, მოახლოებულ ორ საშინაო თამაშზე (გორსა და ქუთაისში) მხარი დაუჭირონ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და მის ფეხბურთელებს და თავი შეიკავონ ყოველგვარი პროვოკაციისგან. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, აღნიშნულ ორ მატჩზე უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომების მაღალ დონეზე დაცვა”,- აღნიშნულია განცხადებაში. 

ამ დროისთვის განცხადებას 40-ზე მეტი სპორტული ჟურნალისტი აწერს ხელს.

შეგახსენებთ, არნემის “ვიტესისა” და საქართველოს ნაკრების მცველ გურამ კაშია სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლაურით გავიდა. აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანი აღნიშნული სამკლაურით გამოვიდა.

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …