მთავარი / ვიდეო / შსს მიხეილ კალანდიას დაკავების კადრებს ავრცელებს [ვიდეო]

შსს მიხეილ კალანდიას დაკავების კადრებს ავრცელებს [ვიდეო]

ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში, დღემდე სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მ.კ-ს შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ.კ-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.

სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ-ს თანამონაწილეობის შესახებ.

შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მ.კ.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. საქმეზე მას ჩვენება რამდენჯერმე აქვს მიცემული, მათ შორის – მეორე ინსტანციის სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შსს არასრულწლოვან დავით სარალიძის  მკვლელობაში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობის დასადგენად მუშაობას გააგრძელებს და სასამართლოს განაჩენში გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უმოკლეს დროში ჩატარდება.

შემთხვევითი სიახლე

ტალინის და რიგის ქუჩებში აჭარის სურათებით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს

ტალინის და რიგის ქუჩებში აჭარის სურათებით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს [ვიდეო]

ტალინისა და რიგის ქუჩებში აჭარის ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი გამოჩნდა. ეს ლამაზი ტრანსპორტი ესტონეთისა და ლატვიის …