მთავარი / სპორტი / საქართველო – ირლანდია – ამჯერად ფრით
საქართველო – ირლანდია – ამჯერად ფრით

საქართველო – ირლანდია – ამჯერად ფრით

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, საქართველოსა და ირლანდიას შორის, ფრედ – 1:1 დასრულდა.

მატჩის მე-4 წუთზე, ირლანდიელები დაწინაურდნენ. გამოსვლაზე მეკარე მაკარიძე შეცდა, გურამ კაშიამ კი ბურთს ვეღარ მიუსწრო, დაფიმ კი ანგარიში გახსნა – 0:1.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ვლადიმირ ვაისის შეგირდები დიდ უპირატესობას ფლობდნენ. ირლანდიელთა თავკაცის, მარტინ ო’ნილის განცხადება, რომ მისი გუნდი ბურთზე კონტროლს აპირებდა, მხოლოდ სურვილის დონეზე დარჩა. პირველ ტაიმში ქართველებმა მეტოქე ბურთის ფლობაში დაჩაგრეს და 77%-ს მიაღწიეს.

ეს არ იყო ერთადერთი კომპონენტი, რაშიც საქართველომ ირლანდიას აჯობა, თუმცა, საბოლოოდ, ნათელია, რომ გუნდს შემსრულებელი აკლია და სწორედ ამის გამო, ვაისის გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

35-ე წუთზე, ვაკო ყაზაიშვილმა ანანიძის გადაცემით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. როგორც გაირკვა, ეს ამ შეხვედრის ბოლო გოლი იყო.

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. ქართველი ფეხბურთელები მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებდნენ.

შეცვლაზე შემოსულმა ჭანტურიამ თამაშის გამწვავება ვერ შეძლო, გიორგი მერებაშვილი კი შეხვედრაში თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩართო. სწორედ მერებაშვილს ჰქონდა საქართველოს დაწინაურების შანსი 89-ე წუთზე, თუმცა მას მცირედი სიზუსტე დააკლდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ვლადიმირ ვაისმა მოედნიდან ყაზაიშვილი გაიყვანა და მცველი, ხოჭოლავა შემოიყვანა, რამაც ცხადი გახადა, რომ ნაკრების თავკაცი ირლანდიასთან ქულაზეც თანახმა იყო.

რაც მთავარია, სტატისტიკაში მცირედი პლუსი დავიწერეთ. აქამდე ჩატარებულ 8 შეხვედრაში, საქართველომ ირლანდიასთან რვავე წააგო, დღეს კი ნავსი გატყდა და ფრედ ვითამაშეთ.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა დაუგროვდა და კვლავ მეხუთე ადგილზე იმყოფება, ირლანდიელებმა კი უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს და ქვეჯგუფში, 18 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

საქართველო – ირლანდია

საქართველო: მაკარიძე, კაშია, კვერკველია, ანანიძე, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90+2), კვეკვესკირი, ქვილითაია (მერებაშვილი 85’) , გვილია, ჯიღაური (ჭანტურია 75’), კაკაბაძე, ნავალოვსკი;

სათადარიგო: რევიშვილი, კვასხვაძე, დაუშვილი, დვალიშვილი, სიხარულიძე, შერგელაშვილი, არაბიძე, აბურჯანია;

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი;

ირლანდია: რენდოლფი, კრისტი, კლარკი, ველანი (მერფი 79’), ლონგი, ბრედი, მაკკლინი, ვარდი, უოლტერსი, დაფი, არტერი (მაკგიდი 62’)

სათადარიგო: ვესტვუდი, ელიოტი, ო’ში, კეო, ო’დოვდა, ლონგი, ჰულიჰანი, მაილერი, ჰეისი;

მთავარი მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი;

გოლი: დაფი 4’, ყაზაიშვილი 35’;

გაფრთხილება: კვეკვესკირი 37’, ჯიღაური 62’, მაკკლინი 76’;

წყარო: აიპრესი

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …