მთავარი / საქართველო / რატომ არ მუშაობს 2 წლის წინ დასრულებული „შუახევიჰესი“ დღემდე?
რატომ არ მუშაობს 2 წლის წინ დასრულებული „შუახევიჰესი“ დღემდე?

რატომ არ მუშაობს 2 წლის წინ დასრულებული „შუახევიჰესი“ დღემდე?

შუახევის მუნიციპალიტეტში 187 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონი აშშ დოლარი იყო, დასრულებულად ორი წლის წინ გამოცხადდა. ოფიციალური ინფორმაციით, „შუახევიჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტისას მთლიანად საქართველოს უნდა დარჩენოდა, ხოლო ჭარბი გამომუშავების დროს თურქეთში ექსპორტი უნდა განხორციელებულიყო.

ჰესი ამ დრომდე არ მუშაობს. შუახევში 2017 წლის ივნისში, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მონაწილეობით გამართული პრეზენტაციიდან ორ თვეში გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა. რატომ? – ამ შეკითხვაზე სახელმწიფოს პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.

პროექტის ძირითადი ინვესტორები არიან ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი” და ინდური „ტატა ჯგუფი.” ისინი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად ფლობენ ჰესის მშენებელ კომპანიას „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს. პროექტის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი.

რას ამბობდნენ მშენებლობის დაწყებამდე?

საქართველოს მთავრობამ შუახევში, მდინარე აჭარისწყალზე ჰესის მშენებლობის ნებართვა 2013 წელს გასცა. მშენებლობას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა. „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს მაშინდელი მენეჯერი რონი სოლბერგი აცხადებდა, რომ შეუძლებელია კომპანიამ 400 მილიონიანი პროექტი განახორციელოს ისე, რომ გარემო სრულად არ შეისწავლოს და რისკები მინიმუმამდე არ დაიყვანოს. სოლბერგი ამბობდა, რომ ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდა კვლევები და ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა დასკვნები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. „აჭარისწყალი ჯორჯია“-მ პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად საერთაშორისო გარემოსდაცვით კონსულტანტად შეარჩია ბრიტანული საინჟინრო კომპანია „მოტ მაკდონალდი,“ რომელსაც დახმარებას უწევდნენ ქართული საკონსულტაციო კომპანიები „გროს ენერჯი“ და „გამა კონსალტინგი.“

რატომ და ვის გაუჩნდა ეჭვი?

„აჭარისწყალი ჯორჯია“-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევა სპეციალისტების ნაწილმა თავიდანვე არასრულყოფილად მიიჩნია. მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ მაღალმთიანი აჭარის დამეწყრილ ფერდობებზე 187 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა რისკის შემცველი იყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი ტარიელ ტუსკია იყო. მან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ წერილობითაც აცნობა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. ტარიელ ტუსკია დღეს ამბობს, რომ მისი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო სამსახური დატოვა.

​„აჭარა ურთულესი რეგიონია. გლობალური მეწყრული კერები თითქმის ყველა რაიონშია. მთელი უბედურება კი ის არის, რომ ორი კაშხალი გაკეთებულია ისეთ ადგილას, სადაც 1971 წელს მოხდა უდიდესი ზვავური მოვლენა და 23 ადამიანი დაიღუპა. ასევე, 1989 წელს სოფელ წაბლანაში იყო დიდი მეწყერი და მთელი სოფელი დაიღუპა. ორივე კაშხალი ამ ტერიტორიების მიმდებარედაა“ – ამბობს ტარიელ ტუსკია.

„რისკები არ არის შესწავლილი და სათანადოდ შეფასებული და არ არის ჩატარებული სიღრმისეული გეოლოგიური საინჟინრო კვლევა“ – ეს იყო შენიშვნა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე გამოეხმაურა „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს. ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ დამეწყრილ ხეობებში ჰესის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ ფლობდა სრულ ინფორმაციას მასშტაბური პროექტის შესახებ. ჭიპაშვილის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში, გვირაბების გათხრასთან ერთად ხდებოდა გეოლოგიური კვლევების ჩატარება, რაც არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება. „რაც ყველაზე მთავარია, ზემო აჭარის სოფლებში, რომელთა მცხოვრებნი პოტენციური ეკომიგრანტები არიან, გვირაბების გაყვანა დაიწყო ბურღვა-ფეთქებადი მეთოდით. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი კეთდებოდა ისე, რომ სადაც ბურღავდნენ, არ იყო ჩატარებული დეტალური გეოლოგიური კვლევები“ – აცხადებს დავით ჭიპაშვილი.

რას აპროტესტებს დღემდე ადგილობრივი მოსახლეობა?

მდინარე აჭარისწყალზე ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მალევე მოჰყვა. შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების მცხოვრებთა ნაწილი წყლის და მოსავლის დაკარგვის და საცხოვრებელი სახლების დაზიანების შიშით მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდა. მაშინ ერთ-ერთი აქცია პოლიციამ ძალითაც დაშალა.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის მცხოვრებთა ნაწილმა ჰესის მშენებლობის შესაჩერებლად თბილისის საქალაქო სასამართლოშიც იჩივლა. თუმცა, მშენებლობა ისე დასრულდა, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

საპროტესტო აქციები პერიოდულად დღესაც იმართება. ადგილობრივი მცხოვრებნი მეწყრული პროცესების გააქტიურებას, მოსავლის შემცირებას, წყაროების დაკარგვას და ხეების გახმობას სწორედ ჰესის მშენებლობას უკავშირებენ. სამოქალაქო აქტივისტი თამაზ ბაკურიძე, რომელიც 3 წელია საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, ამბობს, რომ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში 12 სოფელი დაზარალდა.

ამასთან, სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზემო აჭარაში მეწყრული პროცესების გააქტიურებასა და ჰესის მშენებლობას შორის უშუალო კავშირის დადგენა გართულდება, რადგან ხულო და შუახევი სამი, 37 კილომეტრის საერთო სიგრძის გვირაბით ისე დაიქსელა, რომ არ ჩატარებულა სრულყოფილი გეოლოგიური კვლევა და რისკები არ შეფასებულა. „არ შეისწავლეს ის, რასაც დღეს აპროტესტებს მოსახლეობა. წინასწარ არ იყო შეფასებული არცერთი ოჯახის საცხოვრისის მდგომარეობა. შემდეგ კი როცა დაიწყეს მშენებლობა, აღმოჩნდა ბზარები, დახრილობა, სახლების ნგრევა და ა.შ. ყველსთვის ცნობილია, რომ მდინარე აჭარისწყლის ხეობა და ჭოროხის ხეობაც გამოირჩევა ღვარცოფული მოვლენებითა და განსაკუთრებით მეწყრული პროცესებით“ – ამბობს ნინო ჩხობაძე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე.

მიუხედავად ყველაფრისა, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი საკუთარი ინტერესების დასაცავად ბრძოლას არ წყვეტს. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივა“ ჰესის მშენებელ კომპანიას „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში(EBRD) უჩივლეს. მათ EBRD-ის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმით ისარგებლეს. საქმე წარმოებაში ცოტა ხნის წინ მიიღეს. მომჩივანები იმის შეფასებას ითხოვენ, თუ რამდენად შეესაბამება „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს ქმედება EBRD-ის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკას.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის, დავით ჭიპაშვილის თქმით, ჰესის მშენებლობის დაწყებამდე არ იყო შესწავლილი ბაზისური ინფორმაცია ახლომდებარე სოფლების შესახებ, რამაც ის გამოიწვია, რომ მშენებლობისას ხალხს დაუზიანდა სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, შემცირდა მოსავლიანობა და დაშრა წყაროები. „ეს საკითხები საერთოდ არ იყო შესწავლილი, რადგან კომპანია თვლიდა, რომ ეს სოფლები არ შედიოდა ზემოქმედების არეალში“ – ამბობს დავით ჭიპაშვილი.

რა დაემართა შუახევის ჰესს?

„შუახევი ჰესის“ სამიდან ორი გვირაბი 2017 წლის აგვისტოში რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც კაშხალი და გვირაბები წყლით შეავსეს. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-ში აცხადებენ, რომ მეორე გვირაბში ორ ადგილას, მესამეში კი ექვს ადგილას ქანები ნაწილობრივ ჩამოიშალა. როგორც კომპანიის მშენებელი ინჟინერი გიორგი ნიკოლიშვილი ამბობს: „ხუთი კლასის გეოლოგიად იყო დაყოფილი და შესაბამისი ხუთი ტიპის გამაგრება იყო შერჩეული გვირაბებისთვის. მაგრამ როგორც კვლევებიდან ირკვევა, არადამახასიათებელი გეოლოგიური მდგომარეობის გამო, გარკვეულ ადგილებზე განსაზღვრა საწყის ეტაპზე ჩატარებული კვლევებით თითქმის შეუძლებელი იყო. სწორედ არადამახასიათებელმა გეოლოგიურმა პირობებმა შექმნა ვითარება, რომ ის გამაგრების ტიპი, რაც ჩვენ გვქონდა კონკრეტულ ადგილზე შერჩეული გვირაბისთვის, არ გამოდგა საკმარისი. ეს ნიშნავს, რომ გეოლოგიურმა ქანებმა ისეთი თვისებები გამოავლინა, რაც არ იყო პროგნოზირებადი.“

„აჭარისწყალი ჯორჯია“-ში აცხადებენ, რომ ჩამოშლილ გვირაბებში დაწყებული სარემონტო სამუშაოები სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო წყლის გაშვება მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება.

სახელმწიფო კომისია იქმნება?

„შუახევი ჰესის“ გვირაბებში მომხდარი ავარიის მიზეზთა გამოსაკვლევად სახელმწიფო კომისიის შექმნას ითხოვს „საქართველოს დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ პრეზიდენტი დავით მირცხულავა. მისი შეფასებით, ორი წლის წინ მომხდარი ავარია იყო ყველაზე მასშტაბური საქართველოს ჰიდროენერგეტიკის ისტორიაში მიუხედავად იმისა, რომ პროექტში ჩართული იყვნენ სერიოზული გამოცდილების მქონე კომპანიები.

„ამ ობიექტის შექმნაში მონაწილეობდნენ დიდი გამოცდილების მქონე ბრიტანული საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია, თავად მენეჯმენტი იყო ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი“ და ასევე, როგორც ინვესტორი მშენებლობაში მონაწილეობდა ინდური „ტატა ჯგუფი.“ და მოხდა, ის რაც მოხდა – გვირაბი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ჩამოინგრა. ზარალმა ას მილიონ დოლარზე მეტს მიაღწია. მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს. ვფიქრობ, რომ არასაკმარისი გეოლოგიური კვლევები იყო. ზემო აჭარის გეოლოგიური პირობები, იმ რაიონებში სადაც გვირაბები კეთდებოდა, არ იძლეოდა იმის საშუალებას რომ მოპირკეთების გარეშე გაგვეყვანა ეს გვირაბი“ – აცხადებს დავით მირცხულავა.

 რადიო „თავისუფლება“

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი ამბობს, რომ „შუახევი ჰესზე“ შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამომწვევი მიზეზების შესასწავლად იგეგმება სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელშიც მისივე თქმით, დარგის სპეციალისტები იქნებიან ჩართული.

წყარო: კომერსანტი

შემთხვევითი სიახლე

ვლადიმერ პუტინი რუსეთიდან საქართველოში ფრენებს კრძალავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან …