მთავარი / მთავარი მოვლენები / “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა ყველა დიდ ქალაქში წააგო
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ყველა დიდ ქალაქში წააგო

“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა ყველა დიდ ქალაქში წააგო

ცესკო-მ ხმების 100% დაითვალა, სალომე ზურაბიშვილს 38,6%, გრიგოლ ვაშაძეს კი 37,7% აქვს. “ოცნების” კანდიდატი “ნაცმოძრაობის” კანდიდატს მხოლოდ 0,9%-ით უსწრებს და მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა დაინიშნოს.

ცესკო-ს შედეგების მიხედვით: სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) – 38,6%; გრიგოლ ვაშაძე (“ძალა ერთობაშია”) – 37,7%; დავით ბაქრაძე (“ევროპული საქართველო”) – 10,9%; შალვა ნათელაშვილი (“ლეიბორისტული პარტია”) – 3,7%; ზურა ჯაფარიძე (“გირჩი”) – 2,2%; დავით უსუფაშვილი (“შენების მოძრაობა”) – 2,2%.

ჯამში 85 საარჩევნო ოლქიდან – ზურაბიშვილმა 43 ოლქში მოიგო, ვაშაძემ – 32-ში. “ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა წააგო თბილისში, რომელიც “ნაცმოძრაობის” მიმართ ყველაზე კრიტიკულად იყო განწყობილი.

თბილისში გრიგოლ ვაშაძემ მიიღო 35%, ზურაბიშვილმა – 34%. გარდა ამისა, თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან 5-ში ვაშაძემ გაიმარჯვა, ხოლო მეორე ნახევარში – სალომე ზურაბიშვილმა. ვაშაძემ თბილისში მოიგო კრწანისის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გლდანის საარჩევნო უბნები, ზურაბიშვილმა კი – მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო, ჩუღურეთი და დიდუბე.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა 14 ოლქში, სადაც 50%-ზე მეტი მიიღო. ეს ოლქებია: დედოფლისწყარო, ბოლნისი, წალკა, ყაზბეგი, ბორჯომი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, მესტია, საჩხერე და ქედა.

გრიგოლ ვაშაძემ 50%-ზე მეტი ხმა მიიღო 3 ოლქში: თელავში, წალენჯიხასა და საზღვარგარეთ. სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა პარიზის საარჩევნო უბანზეც, სადაც მან მხოლოდ 27% მიიღო, ხოლო გერმანიის სამ უბანზე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, ზურაბ ჯაფარიძემაც მოუგო.

ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე, სადაც სამხედროები აძლევდნენ ხმას, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საჩხერე მოიგო “ოცნებამ”, ასევე მოიგო: გურიის სამივე ოლქი, სამცხე-ჯავახეთის ყველა ოლქი, სვანეთი, რაჭა, აჭარის მთიანი ოლქები, შიდა ქართლში ორი ოლქის გარდა ყველა.

თუმცა, მოლოდინის მიუხედავად, წააგო სამტრედიაში, რომელიც თბილისის მერისა და “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის მშობლიური ქალაქია.

“ოცნებამ” ასევე წააგო შიდა ქართლის ყველა ოლქსა და სამეგრელოს ოლქების უმეტესობაში. წააგო ყველა დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში.

იმერეთის 12 ოლქიდან 5-ში ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, 6-ში – ვაშაძემ, ასევ კახეთში, 4 ოლქში – ზურაბიშვილმა, დანარჩენ 4 ოლქში – ვაშაძემ. ხონი ერთადერთი ოლქია, სადაც “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მეორე ადგილზეა.

“გირჩის” კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ 36 023 ხმა მიიღო და 18 ხმით გადაუსწრო “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ დავით უსუფაშვილს. ზურაბ ჯაფარიძემ ყველაზე მეტი, 4 586 (7,3%) ხმა საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღო.

ცესკო-ს სტატისტიკით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით აქტივობამ 46,7%-ს შეადგინა. 3 504 082 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან თავისი არჩევანი 1 637 956-მა დააფიქსირა.

აყველზე აქტიური ქალაქებია, სადაც 60%-ზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა: ხონი, ადიგენი, ამბროლაური, ასპინძა, ქედა. ყველაზე პასიური ქალაქებია, სადაც 40%-ზე ნაკლები იყო აქტივობა: მარნეული, გარდაბანი, ყაზბეგი, წალკა, საგარეჯო.

მეორე ტურის თარიღი დაინიშნება მას შემდეგ, რაც ცესკო საბოლოო შედეგს გამოაცხადებს. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თქვა, ცესკო-ს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოსაცხადებლად აქვს მაქსიმალური – 20-დღიანი ვადა. სწორედ საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში უნდა დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

შესაბამისად, მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. თუმცა შესაძლოა, მეორე ტური უფრო ადრეც ჩატარდეს და ეს დამოკიდებულია ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებაზე.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებზე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 364 საჩივარია შესული. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, დარღვევები იყო, თუმცა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რამდენიმე სერიოზულ პრობლემას გამოყოფდა, მათ შორის – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, სახელწიფო მოხელეთა მიერ კამპანიის ჩატარებასა და არაბალანსირებულ დაფინანსებას. მისი შეფასებით, ე.წ. ტექნიკური კანდიდატების გამოყენებაც დემოკრატიის დამახინჯებაა.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, ის დარღვევები და შეუსაბამობები, რომლებსაც დავაკვირდით, იმ მასშტაბის არ არის, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების შედეგებს და საქართველომ ამ არჩევნებში დემოკრატიის დონის სიმწიფე წარმოაჩინა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა. დარღვევებზე ორგანიზაციამ 12 საჩივარი დაწერა.

ითქვა, რომ ორგანიზაციამ წელს პირველად შეძლო, დაეფიქსირებინა რამდენიმე ფაქტი, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შესახებ. ჯამში, ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტები არ მომხდარა.

საია-ს ანგარიშის მიხედვით, არჩევნებზე კენჭისყრის პროცესმა მთლიანობაში მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა, ნება თავისუფალ გარემოში გამოეხატა “სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა უმეტესწილად ჩაიარა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე.

ამის მიუხედავად, ორგანიზაციამ 61 საჩივარი შეიტანა საუბნო კომისიებში, ხოლო 62 – საოლქო საარჩევნო კომისიებში.

წყარო: რეზონანსი | ავტორი: ეკატერინე ბასილაია

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს. მისი განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუმართავს …