მთავარი / საქართველო / ტურიზმი / პრობლემები, რომლებსაც ტურისტები საქართველოში აწყდებიან
პრობლემები, რომლებსაც ტურისტები საქართველოში აწყდებიან

პრობლემები, რომლებსაც ტურისტები საქართველოში აწყდებიან

ქართული ტურიზმის ერთ-ერთი მკაფიო ნაკლი ინფრასტრუქტურული მოუწესრიგებლობაა, რაზეც მსხვილი და მცირე სასტუმროები, შემომყვანი ტურ-ოპერატორები ხშირად საუბრობენ. ამას მომსახურებისა და ტრანსპორტის პრობლემაც ემატება, რაზეც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრაზეც ისაუბრა.

“მომავალი ზაფხულის სეზონისთვის ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, სისუსტეები, რა მიმართულებებზე მოგვიწევს აქცენტის გაკეთება, მათ შორის – ინფრასტრუქტურაზე, მომსახურების საკითხებზე, ტრანსპორტზე, ექსკურსიამძღოლების კვალიფიკაციის საკითხზე და ა.შ. მე შევისწავლე ის შენიშვნები და კომენტარები, რომელთა სისტემატიზაციაც გავაკეთეთ და ბევრი ისეთ რამ დავინახე, რაც ახლავე დასაწყებია იმისათვის, რომ მომავალი წლის სეზონს ჩვენ კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ,” – აღნიშნა პრემიერმა.

პრობლემებზე საუბრობენ შემომყვან ტურისტულ კომპანიებშიც. „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებლის, საბა კიკნაძის განცხადებით, „მასიურმა“ ტურიზმმა ზოგადი ხარისხი საკმაოდ დაწია, იაფფასიანი და უხარისხო სერვისი ხარისხიან სერვისს კონკურენციას უწევს.

„გზები არ არის საკმარისად განვითარებული და ამ გზებზე საპირფარეშოები არ არის. „მასიურმა“ ტურიზმმა ტრანსპორტისა და მომსახურების ხარისხი ძალიან დაწია. პირველ რიგში მოსაგვარებელია ის, რომ ყველა, ვინც ამ ბიზნესშია, გადამხდელი გახდეს. ძირითადად ირანიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები იაფ სერვისს ირჩევენ. იაფიანი სერვისის არსებობა ცუდი არაა. აქ დაბალ ხარისხზეა საუბარი“, – აღნიშნა კიკნაძემ.

მისი თქმით, გიდისა და მძღოლის გამიჯვნა უნდა მოხდეს, რაც ქართულ რეალობაში ხშირად ერთ სერვისად გვევლინება:

„არიან მძღოლები, რომლებსაც გაზზე გადაყვანილი, მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავთ და ამბობენ, მძღოლიც ვარ და გიდიცო. ისინი საღ, ნორმალურ გამყოლსა და მძღოლს უწევენ კონკურენციას, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს ხარისხიან სერვისს. არ შეიძლება გიდი და მძღოლი ერთი ადამიანი იყოს“.

კიკნაძის შეფასებით, სახელმწიფოს როლი აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დიდია.

„სახელმწიფომ გადამხედელები უნდა გაზარდოს. გაარკვიოს ყველა კომპანია იხდის თუ არა გადასახადს და ხომ არ არის უკანონო ბიზნესი. აქ იგულისხმება ქართულიც, უცხოურიც, მცირეც, კერძოც. ასევე, ტრანსპორტის ხარისხს უნდა მიხედოს და არაპროფესიონალ მძღოლებს მაღალი ტევადობის მანქანებით კომერციული საქმიანობის უფლება არ უნდა მისცეს. რაც მთავარია, პირველ რიგში მისახედია ინფრასტრუქტურა, მათ შორის საზოგადოებრივი საპირფარეშოები, გზები და საგზაო ნიშნებია მოსაწესრიგებელი. თბილისში ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, თუ თბილისელი არ ხარ, გზას ვერ გააგნებ“, – განაცხადა საბა კიკნაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფომ პროფესიონალურ სასწავლებლებს ხელი უნდა შეუწყოს. კერძოდ, გიდების, მძღოლების სპეციალური მომზადება უნდა ხდებოდეს:

„მძღოლი მხოლოდ მანქანის ტარებას არ ნიშნავს. სპეციალური კურსი უნდა გაიაროს გიდმაც, მძღოლმაც, მითუმეტეს, რომ მათ უშუალოდ ტურისტებთან აქვთ შეხება.“

კიდევ ერთი შემომყვანი ტურისტული კომპანია „ჯორჯიან ჰოლიდეის“ ხელმძღვანელი მანანა ცირამუა „კომერსანტთან“ საუბარში ოთხ მთავარ პრობლემას ასახელებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მოსაგვარებელია. ეს არის გზები, ნაგავი, საპირფარეშოები, პარკინგი. მისივე თქმით, თბილისში ტურისტის გადაადგილება საკმაოდ რთულია.

„თბილისში ტურისტული ავტობუსის მოძრაობა შეუძლებელია. ტურისტი მუზეუმში ან მსგავს დაწესებულებაში რომ მიგყავს, იქ მისვლა და მგზავრის ასვლა-ჩამოსვლა რთულია. პარკირებაზე საუბარი ზედმეტია. ტურისტებისთვის ტრანსპორტის მიწოდება და საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობა თბილისისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. ტურისტი რომ დაგყავს  ქუჩებში, უბრალოდ კეთილმოწყობილი საპირფარეშო და ხელის გადასაბანი მაინც უნდა იყოს“, – აღნიშნა მანანა ცირამუამ.

რაც შეეხება რეგიონებს, მისი თქმით, რეკრეაციული და სატრანსპორტო ზონების გამიჯვნა უნდა მოხდეს. ამასთან, მანანა ცირამუა სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიმდე“ მისასვლელი გზის გაუმართაობასა და ინფრასტრუქტურის არარსებობაზე საუბრობს.

„კურორტი „გოდერძი“ არაჩვეულებრივი ადგილია, მაგრამ თოვლი როცა მოდის, იქ მისვლა შეუძლებელი ხდება. ზვავსაშიშროების გარდა, გზა არ არის, დიდი ავტობუსით იქ მისვლა გამორიცხულია. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ 34 კილომეტრიან გზაზე, რომლის გაკეთებასაც სულ გვპირდებიან და ამ დრომდე არ გაკეთებულა. ასევე, ადგილზე არ არის ინფრასტრუქტურა, კაფე, რესტორანი, სასტუმრო. სათხილამურო ტრასა კარგია, მაგრამ იქ ტურისტს ღამე ვერ დატოვებ. ზუსტად ასეთი მდგომარეობა  იყო ბეთანიის სათხილამურო ტრასაზეც, რომელიც მოუწყობელი იყო და მხოლოდ ორი სეზონი იმუშავა. როცა გვაქვს ასეთი კარგი ადგილები, უყურადღებოდ არ უნდა დატოვო“, – განაცხადა ცირამუამ.

რაც შეეხება საზღვაო კურორტებს, „ჯორჯიან ჰოლიდეის“ ხელმძღვანელის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა არის ხმაური, რაზეც ტურისტებიც საუბრობენ:

„საზღვაო კურორტებზე ძირითადი პრობლემა ხმაურია. ადამიანი იქ რეკრეაციისთვის მიდის, მაგრამ ისეთი ხმაურია, რომ ვერ ისვენებს.“

მისივე თქმით, ზოგადად ქართულ ტურისტულ ზონებში დანაგვიანებაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან სოფლებიდან ნაგვის გატანა არ ხდება. მოსახლეობა ნაგავს აგროვებს და შემდეგ მდინარეში ყრის:

“როგორც მდინარე იკლებს, მთელი ეს ნაგავი კალაპოტების გასწვრივ არის გაფენილი. ერთხელ, მტკვარზე დაშვებას ვახორციელებდით. ნაგავი ხელს გვიშლიდა, ამიტომაც თავად შევაგროვეთ 10 ფუთა. შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მივედით და ვთხოვეთ, რომ ეს ნაგავი გაეტანათ.“

წყარო: კომერსანტი | ავტორი: თეონა კენჭიაშვილი