მთავარი / საქართველო / მტკნარი წყალი, რომელიც პლასტმასის ჭურჭლით იყიდება, საშიშია?!

მტკნარი წყალი, რომელიც პლასტმასის ჭურჭლით იყიდება, საშიშია?!

წყლის დისპენსერები, ე.წ. ბინულები ჯანმრთელობისთვის საშიშია. მომხმარებელი ხშირად იყენებს მათ PVC ან PC შტამპით, რაც ნიშნავს, რომ ასეთი შემადგენლობის ჭურჭელი ტოქსიკურ ნივთიერებებს ჭარბად გამოყოფს და ადვილად შეუძლია წყალში შეღწევა. მათი ხანგრძლივი გამოყენება კი, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საშიშ დაავადებებს იწვევს.

როგორც აღმოჩნდა, პლასტმასის ჭურჭელი PC შტამპით საკვებ კონტეინერებადაც გამოიყენება. ხოლო პოლიკარბონატისგან დამზადებულ ამ ტარაში კატეგორიულად არ შეიძლება საკვებისა და წყლის შენახვა: ის გამოყოფს ბისფენოლ A-ს – ცნობილი ნივთიერება, რომელიც ანადგურებს ადამიანის ენდოკრინულ სისტემას და ჰორმონ ესტროგენის გამოყოფას აქვეითებს.

ასეთი ჭურჭელი, როგორც ვიცით, ძირითადად, თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის და მოჰყვება ეტიკეტები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ისეთ ენაზეა დაწერილი, რომელიც არ ვიცით და ინფორმაციას ნაწარმის შესახებ, ფაქტობრივად, ვერ ვიღებთ.

როგორც საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე აღნიშნავს, პლასტმასის ჭურჭელში მოთავსებული წყალი შეიძლება საბოლოოდ ნებისმიერი მძიმე დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს.

“პლასტმასისგან დამზადებული ჭურჭელი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან გამოირჩევა სითბოსადმი მდგრადობით და სიმტკიცით. ზოგიერთი მათგანი ძლიერი დარტყმებითაც კი არ იმსხვრევა. ასეთი ჭურჭელი, ძირითადად, ჩინური წარმოებისაა. მასში მოთავსებული წყალი თუ საკვები შხამიანი ხდება – სითხეებთან შეხებით, განსაკუთრებით ცხელ მდგომარეობაში, აქტიურად გამოიყოფა ფორმალდეჰიდი.

პლასტმასთან უშუალო შეხება ასოცირდება თანდაყოლილ დეფექტებთან, იმუნური სისტემის ფუნქციების დაქვეითებასთან, თუ ჰორმონალურ დარღვევებთან. სხვადასხვა ტიპის პლასტმასის საშუალებით, შეხება ისეთ საშიშ ტოქსინებთან გვაქვს, როგორიცაა: ტყვია, კადმიუმი და ვერცხლისწყალი. პლასტმასში არსებული კანცეროგენული ნივთიერებები წყალში იწყებს გადასვლას. ან მყარი სურსათის შესანახად უნდა გამოვიყენოთ სხვა ალტერნატიული მასალისგან დამზადებული, მაგალითად შუშის ან ემალის ჭურჭელი, რომლის გამოყენება შედარებით უსაფრთხოა”, – განუცხადა რამაზ გახოკიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს”.

მისი თქმით, ჯანმრთელობისთვის საშიშია პლასტმასის პატარა ბოთლებიც, რადგან მათში მოთავსებული სასმელი წყლის სინჯში აღმოჩნდა 24 520 სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება.

,,ნებისმიერ პლასტმასის ბოთლზე თუ კონტეინერზე, როგორც ერთჯერად ჭურჭელზე, აუცილებლად უნდა იყოს ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ ნაწარმი საკვებისთვისაა განკუთვნილი. თუ ეს ნიშანი ჭურჭელს არა აქვს ან გადახაზულია, მისი გამოყენება საკვების შესანახად არ შეიძლება. იმისათვის, რომ ვიცოდეთ, მეორედ შეიძლება თუ არა პლასტმასის ბოთლის გამოყენება, უპირველესად, უნდა დავაკვირდეთ ძირზე წარმოდგენილ სამკუთხედის ნიშნულს ანუ შტამპს ციფრებით, რომელზეც მოცემულია პლასტმასის შემადგენლობა. ბოთლი შტამპით 01 (PET ან PETE) უსაფრთხოა ერთხელ გამოყენებისთვის.

ცხადია, რომ ადამიანები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ პლასტმასის ბოთლების ჩანაცვლებას და მისი გამოყენება მაქსიმალურად შეზღუდონ ან საერთოდ თქვან უარი ისეთი პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. წარმოიდგინეთ, რომ პლასტმასის ბოთლში მოთავსებულ სასმელი წყლის სინჯში აღმოჩნდა 24 520 სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება. კიდევ უფრო საშიშია იგი თუ პლასტმასის ბოთლს მზეზე გავაჩერებთ ან ჩავასხამთ თბილ მასას, ქიმიური ნივთიერებების მიგრაცია სურსათში გაძლიერდება, რაც სურსათს გახდის ტოქსიკურს და სახიფათოს ჯანმრთელობისთვის”, – აცხადებს აკადემიკოსი.

პლასტმასის ნივთების მავნებლობაზე საუბრობენ სურსათის სფეროს სპეციალისტებიც, რომელთა შეფასებითაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტმასის ნივთების გამოყენება ხდება მასიურად, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც დიდ რისკს შეიცავს.

სურსათის სფეროს სპეციალისტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია პლასტმასის პროდუქციის ჩანაცვლების აუცილებლობაზე საუბრობს.

,,ასეთი ჭურჭლის გამოყენება იწვევს ორმხრივ ზიანს: მავნეა ჯანმრთელობისთვის და ეკოლოგიაზეც უარყოფითად მოქმედებს. პლასტმასის ჭურჭელი არის ქიმიური ნივთიერებებისგან შექმნილი მასალა და ორგანიზმისთვის მავნე გავლენა მოაქვს. ბუნებაში გადაყრილი პლასტმასის ბოთლები და ჭურჭელი სერიოზულ პრობლემას ქმნის, გარდა იმისა, რომ აბინძურებს გარემოს, საშიშია მცენარეების ფესვების სიახლოვეს მოხვედრისას, რადგან იმ კონკრეტული ადგილის კვდომას იწვევს, ამიტომ ეკოლოგიურად მას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ გარკვეული ვალდებულება გვაქვს აღებული და ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ პლასტიკის ნივთების გამოყენება შეიზღუდოს. სადაც შესაძლებელია, ასეთი პროდუქცია უნდა ჩანაცვლდეს, რადგან ამ მასალისგან დამზადებული ჭურჭელი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოვიყენოთ. 21-ე საუკუნეა და ჩვენ მეტად უნდა ვიზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე. კონტროლი ამ მიმართულებით ისევე სავალდებულოა, როგორც ეს დღეს სურსათის უვნებლობის მიმართულებით ხდება.

საყურადღებოა ეტიკეტიც, რადგან სავალდებულოა, რომ ეს წარწერა მომხმარებლისთვის მარტივად გასარკვევი იყოს და აუცილებლად უნდა იყოს ქართულ ენაზე, ვინაიდან მე არ ვარ ვალდებული ვიცოდე ნებისმიერი სხვა ენა. ჩვენთან კონსტიტუციური ენა არის ქართული და უფლება მაქვს ინფორმაცია მივიღო ქართულად. თუკი ინგლისურ ენაზე არის დატანილი, ეს მომხმარებლისთვის არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ არის და კანონდარღვევაა“, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” ლია კვარაცხელიამ.

წყარო: რეზონანსი | ავტორი: ირაკლი ლომიძე

შემთხვევითი სიახლე

9 ივლისამდე საქართველოში ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

9 ივლისამდე საქართველოში ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან …