მთავარი / საქართველო / კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შეცდომად კოაბიტაციას ასახელებს
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შეცდომად კოაბიტაციას ასახელებს

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შეცდომად კოაბიტაციას ასახელებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაშვებული ერთ-ერთი შეცდომა წინა ხელისუფლებასთან გამოცხადებული კოაბიტაცია იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. ინფორმაციას Imedinews-ი ავრცელებს.

„ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც იყო და რომელიც მტკივნეულია მოსახლეობისთვის, არის კოაბიტაცია, რომელიც 2012 წლის შემდეგ იყო. ერთი მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის, პროცესების გაჯანსაღებისთვის შეიძლება, ეს ნორმალურ ქვეყანაში სწორი ნაბიჯი ყოფილიყო. მაგრამ ეს ჩვენი ე.წ. კოაბიტაცია ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგი მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისეთი პოლიტიკური პროცესები ხდებოდა, რომელიც საზოგადოებას ძალიან აღელვებდა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს კარგად აქვს გააზრებული მიღებული შედეგები და იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ და რა უნდა იყოს მყისიერი ნაბიჯები.

„ჩვენ ამ ექვსი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა, მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული. ეს არის ის, რაც განასხვავებს დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან. სხვათა შორის საქართველოში, ისევ და ისევ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პროპაგანდისტული მანქანით შეძლო და მოახერხა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ცხრა წელზე, არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ წარსულზე“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, ითანამშრომლოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც სურს, ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიდეს და განვითარდეს.

„ჩვენ კარი არავისთვის დაგვიხურავს“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობა ადეკვატურად იმოქმედებს და გასცემს პასუხს იმ ყველაფერზე, რაც კალაძის თქმით, „ამ რევანშისტულმა ძალამ ჩაიდინა“.

შემთხვევითი სიახლე

ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება

ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლას გეგმავს. 2019 წლის თებერვლიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის …