მთავარი / მსოფლიო / კადიროვის მუქარა: თბილისამდე მხოლოდ ორასი კილომეტრია

კადიროვის მუქარა: თბილისამდე მხოლოდ ორასი კილომეტრია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა, თავის ტელეგრამაში თბილისში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გროზნოდან თბილისამდე მანძილი ძალიან ახლოა.

“მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე მანძილი მხოლოდ ორასი კილომეტრია,” – წერს ჩეჩნეთის ლიდერი.

რამზან კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში დაახლოებით 1 მილიონი ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც მოსახლეობასთან მეგობრობა აკავშირებს.

ჩეჩნეთის ლიდერის განმარტებით, მსოფლიომ ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ რუსეთის საშუალებით შეიტყო.

„ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრი ხალხია, მათ მეგობრობისთვის გაცილებით ბევრი მიზეზი აქვთ, ხოლო სიძულვილისთვის არცერთი“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები ზოგიერთი პოლიტიკოსის ქმედებების გამოა, რომელთაც დიდი ხანია რუსეთთან ურთიერთობაში სიტუაციის გამწვავება სურდათ.

როგორც რამზან კადიროვი აღნიშნავს, 2018 წელს საქართველოს რუსი ტურისტების წყალობით თითქმის 3.5 მილიარდი დოლარი დარჩა. იგი ქართულ მხარეს აფრთხილებს, რომ ახლა კურორტები და სანაპიროები ცარიელია.

“ბოლო დღეების მოვლენები მეტყველებს, რომ ანტირუსული პოლიტიკოსების გავლენა საქართველოში კვლავ ძლიერია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ ახალი ისტერიის მიზეზს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ. ჩვეულებრივ, მთელ მსოფლიოში,  უცხოურ დელეგაციებს, განსაკუთრებით საპარლამენტოს, პატივს სცემენ. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების უსაფრთხოება და ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა ვერ უზრუნველყო. დასავლეთის ძალები თბილისში არეულობის ორგანიზატორები იყვნენ”, – წერს რამზან კადიროვი.

იგი საქართველოს პრეზიდენტსაც აკრიტიკებს და დასძენს, რომ სალომე ზურაბიშვილი მწარედ ცდება, როდესაც მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.

“საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაცილებით უკეთესი ვერაფერი იპოვა, გარდა იმისა, რომ ყველაფერში რუსეთი დაედანაშაულებინა. ის აცხადებს, რომ მოსკოვი საქართველოსა და მისი საზოგადოების გაყოფითაა დაინტერესებული. ასეთი განცხადება მან ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქვეყნების ელჩებთან გააკეთა. ქალბატონი პრეზიდენტი მწარედ ცდება. რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოში მშვიდობა, ერთიანობა და ჰარმონია იყოს.

და მაინც, 2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში  3,5 მილიარდი დოლარი დატოვეს. რას მიაღწიეს ანტირუსულმა რადიკალებმა? ამას საქართველო მაშინ იგრძნობს, როდესაც სასტუმროები, რესტორნები, კაფეები და სანაპიროები დაცარიელდება…”, – წერს რამზან კადიროვი.

წყარო: ipress

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-მა სტუდენტების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

Wizz Air-მა სტუდენტების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

WIZZ-ის ქსელის ნებისმიერი მიმართულებით ერთწლიანი ულიმიტო მოგზაურობით უნგრელების გუნდი საჩუქრდება. ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა …