მთავარი / თბილისი / გია არაბიძე: ქალაქში ცენტრალური გათბობის მოშლა საუკუნის დანაშაული იყო
გია არაბიძე: ქალაქში ცენტრალური გათბობის მოშლა საუკუნის დანაშაული იყო
გია არაბიძე

გია არაბიძე: ქალაქში ცენტრალური გათბობის მოშლა საუკუნის დანაშაული იყო

16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თბილისში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა.

31 იანვარს, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, კუსტარულად დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ხელსაწყოს გამო დაგროვილი მხუთავი აირით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მხოლოდ თბილისში, 2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 285 კიმოიწამლა.  სანამ სპეციალისტები პრენევციული ზომების გატარებასა და კანონმდებლობის გამკაცრებაზე ბჭობენ, სიკვდილის სტატისტიკა თითქმის ყოველდღიურად იზრდება და არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი. შესაძლებელია თუ არა, 90-იან წლებში გაუმართლებლად გაუქმებული ცენტრალური გათბობის სისტემის აღდგენა და რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ამაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გია არაბიძეს ვესაუბრეთ:

– თბილისში რომ ქალაქის ცენტრალური გათბობის აღდგენა შეუძლებელია, ამაზე ცალსახად უნდა შევთანხმდეთ, იმიტომ, რომ თითქმის არცერთ რაიონში ცენტრალური გათბობის მილების ჩასადები ადგილიც კი აღარ დარჩენა. ეს კი არა, ახალი სახლის მიერთების დროს, კაბელის გაყვანის და ტრანსფორმატორის ჩასადგმელი მიწაც აღარ არსებობს, ამიტომ სხვა გამოსავალი უნდა მოვძებნოთ.

– მაგალითად?
– იქნებ კანონმდებლობაში ჩავწეროთ, რომ ახალი კორპუსები არ უნდა ჩავიბაროთ, თუ ცენტრალური გათბობა, ცენტრალური წყალმომარაგება და საკვამლე მილი არ ექნება. ახალ კორპუსებში ამის გაკეთება  სრულიად შესაძლებელია, ამიტომ აუცილებლად კანონში უნდა ჩავდოთ. შესაძლოა, ასეთი სახლის ფართობის ფასი ცოტათი გაძვირდეს, თუმცა უსაფრთხოება ამად ღირს. დღეს იმის საშუალებებიც არსებობს, რომ გავარკვიოთ, თქვენ რა რაოდენობის სითბო და ცხელი წყალი მოიხმარეთ და მე რა რაოდენობის და ისე არ დაგვემართება  „ენერგოპროჯორჯიას“ რომ ჰქონდა სოფლებში საერთო მრიცხველი.

– უკვე აშენებულ, ძველ კორპუსებში ბუნებრივი აირის უსაფრთხოდ მოხმარების თვალსაზრისით, რისი გაკეთება შეიძლება?
– ძველ აშენებულ, მაღლივ სახლებში შეიძლება, რომ საერთო საკვამლე მილი დავაყენოთ და  გამონაბოლქვი მაინც გამოვიტანოთ სახლიდან. მაგრამ ის, რომ სახლში შევიდეთ და იქ გათბობის რადიატორები დავაყენოთ, საკმაოდ სერიოზული პრობლემა იქნება. თავის დროზე, ლისის ტბიდან გეოთერმალური წყლები რომ ჩამოდიოდა, იმ წყლის გათბობისთვის გამოყენება გვინდოდა და ოჯახებში შესვლა ვერ მოვახერხეთ რემონტებისა და სხვა მიზეზების გამო,  ამიტომ მიწის ფართობის არარსებობის გარდა, ცენტრალური გათბობის აღდგენისთვის ესეც სერიოზული პრობლემაა.

– ბოლოდროინდელი უბედური შემთხვევევის გამო, საქართველოს მთავრობა შესაბამის უწყებებთან ერთად გაზის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე მუშაობს. თქვენი აზრით, ეს ვითარებას შეცვლის?
– იმ აბონენტების მიმართ, რომელებიც გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის ნორმებს არ დაიცავენ აუცილებლად უნდა მოხდეს რეგულაციების გამკაცრება. დღევანდელი კანონმდებლობით, „ყაზტრანსგაზს“ ბევრს ვერაფერს მოვთხოვთ. წელიწადში ერთხელ მოვა, არასწორად დამონტაჟებულ დანადგარს ჩახსნის, დალუქავს და წავა. ამის გარდა, „ყაზტრანსგაზს“ არაფრის გაკეთების უფლება და საშუალება არა აქვს. ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ გაზის ხელსაწყოს თვითნებურად მიერთება სერიოზულად დასჯადი გახდეს, რადგან  ვიღაცის დაუდევრობას ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება, ინგრევა და უბედურდება ყველაფერი. სერიოზულად უნდა ვიფიქროთ ისეთ ტექნიკურ საშუალებებზეც, როგორიცაა გაზის დეტექტორები.

– დეტექტორის სწორად შერჩევასაც ცოდნა უნდა, რადგან როგორც ვიცი, არსებობს როგორც ავტონომიურად მოქმედი, ისე სიგნალიზაციის სისტემასთან ინტეგრირებული დეტექტორი..
– დიახ, დეტექტორების გარკვეული საფეხურები არსებობს. ახალ სახლებში შესაძლებელია დაამონტაჟო დეტექტორი,  რომელიც სათავსოში არასრული წვის პროდუქტის კონცენტრაციაზე რეაგირებს. აპრობლემების, მაგალითად, CO-ს კონცენტრაციის მომატების დროს ის ხმოვან სიგნალს არა მარტო სახლში, არამედ მობილურზეც განახორციელებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სანამ სახლის პატრონს შეატყობინებს, დეტექტორმა უნდა ჩაკეტოს სახლისკენ მომავალი გაზის სარქველი და შეწყვიტოს ბუნებრივი აირის მიწოდება. ახალ ბინებში არის დაყენებული ასეთი მოწყობილობები – გაზის მრიცხველთან დამონტაჟებული ელექტრონული ჩამკეტი სარქველი, რომელიც გაზის დეტექტორის ინფორმაციაზე რეაგირებს, მაგრამ ცრუ განგაშის შემთხვევების გამო მოსახლეობის  ნაწილი ხსნის ამ დეტექტორს და ქსელიდან გამოაქვს. ამიტომ აქაც სერიოზული პრობლემებია.

– თუკი დეტექტორების დამონტაჟებაც გარკვეუწილად, პრობლემურია, იქნებ, მაინც უფრო დიდ პრობლემასთან შეჭიდება ვცადოთ და ცენტრალური გათბობის სისტემის აღდგენაზე ვიფიქროთ?
– თბილისის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ვაკეში, საბურთალოზე, გლდანში და ა.შ. ამის გაკეთება გამორიცხულია. ფაქტობრივად, ამ რაიონებში ადგილი არ არის დარჩენილი ცენტრალიზებული გათბობისთვის. გარდა ამისა, როდესაც კაცს სახლში დეტექტორი აქვს  და არ რთავს იმიტომ, რომ მაწუხებსო, წარმოიდგინეთ რა რეაქცია ექნება, მის გარემონტებულ ბინაში გათბობის მილებისა და რადიატორების დამონტაჟება რომ დავაპიროთ. ვერც კი წარმომიდგენია, რა ფულადი სახსრები დაჯდება და რა წინააღმდეგობა შეხვდება ამას მოსახლეობისგან. ამის გაკეთება უფრო შესაძლებელია ახალ მიკრორაიონებში. გარკვეული პრობლემები აქაც არსებობს, მაგრამ ეს შედარებით მოგვარებადი პრობლემებია.

– გათბობის ცენტრალური სისტემის აღდგენა დაახლოებით ტრამვაის დაბრუნების მცდელობას ჰგავს, რასაც ქალაქის მერია არა ერთი წელია, უშედეგოდ ცდილობს..
– თავის დროზე ჯგუფმა, რომლის ერთ-ერთი წევრი მეც ვიყავი, ცენტრალური გათბობის სისტემის გაუქმებაზე მთელი ამბები ატეხა, მაგრამ არაფერმა გაჭრა და ვერაფერმა შეაჩერა. კი ბატონო, ამ პერიოდს გაზის შეწყვეტაც ცუდად დაემთხვა, მაგრამ ქალაქის გენერალურ გეგმაში უნდა მომხდარიყო თუნდაც მოძველებული, არარენტაბელური ქვაბებისა და ქსელის შენარჩუნება. კარგი, ახლა ამისთვის არ გცალია, მაგრამ 20 წლის შემდგომ ეს ხომ ქალაქს დაჭირდება? იმ არეულ 90-იანებში ამაზე არავინ იფიქრა. მილები ამოთხარეს, ქვაბები მოხსნეს და ყველაფერი ჯართში ჩააბარეს. დღეს იმ დიდი განუკითხაობის შედეგებს ვიმკით. ასეა, ნებისმიერი გაფუჭებული საქმე 20-30 წლის შემდეგ იჩენს თავს და ზოგჯერ მგონია, რომ მიზანმიმართულად წაგვიყვანეს იქით, სადაც დღეს ვართ. ასე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ცენტრალური გათბობის მოშლა საუკუნის დანაშაულად მიმაჩნია, მაინც მგონია, რომ დღეს ამ სისტემის აღდგენა გამორიცხულია. უსაფრთხოების გაცილებით იაფი და ეფექტური საშუალებაა ზემოთხსენებულ ღონისძიებებთან ერთად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ამაში ჟურნალისტებს უზარმაზარი როლი გეკისრებათ. თუკი არჩევნების დროს შეიძლება ყოველ წუთს ვატრიალოთ რეკლამა – ამას მიეცით ხმა და იმასო, ხომ შეიძლება, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაშიც გავუშვათ სარეკლამო რგოლებივით „გაანიავე ოთახი“, „გააღე სარკმელი“ და ა.შ. იქნებ, დავაფიქროთ და ვაიძულოთ მოსახლეობა, რომ ამ საფრთხეებთან მიმართებაში ცოტა სხვაგვარად იფიქროს და იაზროვნოს. პარალელურად, უნდა მოხდეს გაზის კომპანიების ტექნიკური პერსონალის მომზადება და გადამზადება და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეგულაციების განხორციელება. ჩვენ არც დასაკარგი დრო გვაქვს და არც დასაკარგი ადამიანები, ამიტომ რაც უფრო სწრაფად შევუდგებით საქმეს, მით უკეთესია.

წყარო: progressnews

შემთხვევითი სიახლე

სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია

სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია

თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მომხდარი შემთხვევის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნი ასაკოვანი …