მთავარი / მთავარი მოვლენები / ევროპარლამენტარი: საქართველოს თამბაქოს შესახებ კანონი ევროკავშირის დირექტივებთან შეუსაბამობაშია
ანდრეი მამიკინი

ევროპარლამენტარი: საქართველოს თამბაქოს შესახებ კანონი ევროკავშირის დირექტივებთან შეუსაბამობაშია

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციების დაწესებიდან დღემდე კანონზე მსჯელობა ჯერ კიდევ არ შეჩერებულა და სავარაუდოდ, ის კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ამ დროისთვისაც კი პარლამენტი ახალ კანონში ცვლილებებს განიხილავს და ყოველ ჯერზე კანონით ნაკისრი ახალ-ახალი „შეუსრულებელი მუხლების“ კორექტირება უწევს.

კანონზე მუშაობის დაწყებისთანავე აღინიშნა, რომ მომზადებული ცვლილებები ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურებოდა, მედიამ და სპეციალისტთა ნაწილმა არაერთგზის აღნიშნა, რომ კანონის ზოგიერთი მიმართულება ევროკავშირის დირექტივებთან აცდენაშია.

საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონის შესახებ CBW-იმ ინტერვიუ ჩაწერა ევროპარლამენტართან, ანდრეი მამიკინსთან.

-როგორ შეაფასებდით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებას? რა არის მთავარი მიღწევები? გამოწვევები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს?

-საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებამ საქართველოში ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე სხვა ასოცირებულ ქვეყნებში. საქართველო ხორცს ასხამს მნიშვნელოვან რეფორმებს ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებული განხორციელებისთვის და ქვეყანა მნიშვნელოვნად მიუახლოვდა ევროკავშირს. ევროპული გზა ახლა კონსტიტუციაშიც ასახულია და მჯერა, რომ ეს საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ბევრ სხვა საკითხში. საქართველომ აჩვენა კარგი შედეგი ევროკავშირის ფულადი სახსრების ათვისების თვალსაზრისით. მე დადებითად ვაფასებ სამთავრობო ცვლილებებს საქართველოში და მივესალმები პროპორციული საპარლამენტო საარჩევნო სისტემის დანერგვას.

სასამართლო და ადამიანის უფლებათა სტანდარტების რეფორმასთან დაკავშირებული ზოგიერთი გამოწვევა კვლავ გადასაჭრელია. ასოცირების დღის წესრიგი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს წინა მთავრობების მემკვიდრეობას, რაც საქართველოს 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ დარჩა. საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე აქვს მისაყვანი ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება, რათა ჰყავდეს ძლიერი და ამავდროულად მოქნილი ადმინისტრაცია. შესაბამისად, ეს ანგარიში არ შეიცავს მხოლოდ მიღწევების შეფასებას, მასში აგრეთვე არის კონკრეტული რეკომენდაციები შემდგომი მუშაობისთვის. იმისათვის, რომ გავაგრძელოთ სწორი გზით სვლა, აუცილებელია, რომ მომდევნო წლებში საქართველოსთვის ექსპერტიზის მეტი დახმარება იქნეს უზრუნველყოფილი.

-საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 356-ე მუხლის თანახმად, საქართველო იღებს ვალდებულებას, შეასრულოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონსა და საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში. კვლევის თანახმად, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ბიზნეს ასოციაციამ მოამზადა, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი (TCL), რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 1 მაისს, ევროკავშირის თამბაქოს პროდუქციის დირექტივას (EU TPD) არ შეესაბამება. უფრო მეტიც, ექსპერტების აზრით, TCL-ის 41-დან 36 მუხლი EU TPD-სთან თანხვედრაში არ მოდის. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება? უნდა მოახდინოს თუ არა საქართველომ TCL-ის EU TPD-სთან ჰარმონიზება?

-ჩემი აზრით, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის მთავარ პრიორიტეტებს უნდა წარმოადგენდეს, როგორც მისი ჩართულობის ნაწილი ხალხის კეთილდღეობის განმტკიცებაში.

საქართველო 2006 წლის 15 მაისს თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჩარჩო კონვენციის ნაწილი გახდა. მას შემდეგ, ამ სფეროში საკანონმდებლო გაუმჯობესების პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიდიოდა, რაც 2018 წლის 1 მაისამდე გაგრძელდა, როდესაც საქართველომ შეიმუშავა ახალი, ყოვლისმომცველი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც მისაღები აღმოჩნდა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის კონვენციის სამდივნოსთვის (WTO Convention Secretariat). გარდა ამისა, საქართველო 15-დან ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც მონაწილეობას იღებს FCTC 2030 პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ახალი კანონის ზოგიერთი დებულების განხილვა გადაიდო 2022 წლამდე, მიმაჩნია, რომ ეს არის რეალური წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოში, ამ სფეროში განხორციელდა.

ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის მცდელობისას, საქართველომ უნდა მიიღოს ზომები, რათა დააკმაყოფილოს როგორც ევროკავშირის თამბაქოს პროდუქციის, აგრეთვე თამბაქოს საგადასახადო დირექტივა. ბოლო პერიოდში, მეორეს შესრულების მხრივ პროგრესია, ხოლო რაც შეეხება პირველს, უკეთ უნდა მოხდეს მისი გადატანა საქართველოს საკანონმდებლო სისტემაში.

-ახდენს თუ არა EU TPD (ევროკავშირის თამბაქოს პროდუქციის დირექტივა) დიფერენცირებას ელექტრონულ სიგარეტებს, ახალი თამბაქოს პროდუქტებსა და სტანდარტულ სიგარეტებს შორის?

-თამბაქოს შესახებ ევროდირექტივა ერთმანეთისგან განასხვავებს ელექტრო სიგარეტებს, ახალი თამბაქოს პროდუქტებსა და სტანდარტულ სიგარეტებს. შესაბამისად, მათ განსხვავებულ რეგულაციებს უწესებს. ჩემი აზრით, განმარტებები კანონის სწორი გამოყენების საწყისი წერტილია და ისინი უნდა შეესაბამებოდეს ბაზრის ახალ რეალობას. ელექტრონული სიგარეტი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც თამბაქოს ჩვეულებრივი ნაწარმი, ვინაიდან ელექტრო-სიგარეტი სრულიად ახალი პროდუქტია და შესაბამისად, განსხვავებულ დეფინიციას მოითხოვს. ამჟამად, თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად საქართველოში, ნიკოტინის მიმწოდებელი მოწყობილობა კლასიფიცირდება და რეგულირდება ანალოგიურად, როგორც თამბაქოს პროდუქტი. ჩემი აზრით, ელექტრო სიგარეტები და ახალი თამბაქოს პროდუქტები უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ კონტროლსა და შეზღუდვებს, ისეთივეს, როგორსაც კანონმდებელი სტანდარტულ სიგარეტებს უწესებს; თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრდუქტების რეალიზაცია, განსხვავებულად უნდა იყოს რეგულირებული, ევროკავშირის თამბაქოს დირექტივის შესაბამისად.

-შემოსავლების სამსახურის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში უკანონო ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორი იქნება თქვენი რჩევა საქართველოს ხელისუფლების მისამართით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებით?

-საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს კონტროლი იმ მაღაზიებსა და იმ პლატფორმებზე, რომელთა მეშვეობითაც ხდება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია. ეს არის კორუფციისა და ყალბი პროდუქციის რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ელემენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს დაკარგავს.

საქართველომ უნდა გაზარდოს ამ კანონის აღსრულების ეფექტიანობა და ებრძოლოს თამბაქოს შავ ბაზარს, რომელიც ხელს უშლის ჯანსაღ კონკურენციას და შედეგად მოაქვს გაზრდილი ხარჯები სახელმწიფოსთვის.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან. როგორც სტუდენტმა ქეთევან კოკაიამ განაცხადა, მათი შეკრების …