მთავარი / მთავარი მოვლენები / ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა
ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა

ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა

„თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა ორთვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არც ერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე.

თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც თიბისი ბანკის შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

დუნკან ჰანტერი: ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება

დუნკან ჰანტერი: ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება

ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდემბლო ორგანოში, კონგრესში, ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ და ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მიღება …