ემზარ კვიციანი: ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება, უკვე დაფუძნებულია | Tbilisi Today
მთავარი / საქართველო / ემზარ კვიციანი: ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება, უკვე დაფუძნებულია
ემზარ კვიციანი: ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება, უკვე დაფუძნებულია

ემზარ კვიციანი: ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება, უკვე დაფუძნებულია

დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება, უკვე დაფუძნებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ორგანიზაცია უკვე დაფუძნდა. შეიძლება ითქვას, რომ მე ვიქნები ამ ორგანიზაციის ლობი. ეს იქნება ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ემიგრაციაში უამრავი ადამიანი გვყავს, რომელიც არის წარმატებული ბიზნესმენი, რომლებსაც არ უჭირთ და სურთ ვიღაცებს დაეხმარონ. მათ არ ჰქონდათ ამის საშუალება, რადგან არავის შეუქმნია მსგავსი ცენტრი. ამიტომაც მომმართეს მე დასახმარებლად. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი ინიციატივა იყო. ბიზნესმენი ემიგრანტები აპირებენ ცენტრის დაფინანსებას,“ – აღნიშნა ემზარ კვიციანმა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა, თუ რა მიმართულებით იმუშავებს ცენტრი და რა შემთხვევაში დაეხმარება ორგანიზაცია ფინანსურად ახლად შექმნილ ოჯახებს. მისი თქმით, ცენტრის მუშაობა მოიცავს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებასაც.

“ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფის წინაშე დგას, რასაც ადასტურებს გაეროს კვლევები. ამ კვლევების მიხედვით, 2050 წლამდე საქართველოში ქართველები უმცირესობაში ვიქნებით. ამას ჩვენ ქართველებმა თუ არ ვუშველეთ, სხვა არ გვიშველის.

ცენტრი დაეხმარება დაოჯახებულ წყვილებს, რომლებიც საცხოვრებლად წავლენ მთაში. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი საცხოვრებლად გადავა რეგიონში, სადაც მოქმედებს მთის კანონი, ოჯახი დამატებით დახმარებებს მიიღებს. დახმარება გაიცემა იმ დედებისთვის, რომლებსაც ჰყავთ (სსმ) შვილები. ამ მხრივ კანონპროექტსაც ვამზადებთ „პატრიოტთა ალიანსში“. ასეთ დედებს მძიმე სამუშაოს შემსრულებელი პირების ანაზღაურებასთან გათანაბრებული ხელფასი უნდა ჰქონდეთ. დავეხმარებით ასევე მრავალშვილიან დედებს, ცენტრის ფინანსებიდან გამომდინარე – პირველ, მეორე და მესამე შვილებზე 20-დან 100-ლარამდე დანამატები გაიცემა.

ჩვენ გვექნება შეხვედრა ბანკებთან, რომ უპროცენტო სესხები გაიცეს. გარკვეული სახის სესხი უნდა იყოს გაცემული უპროცენტოდ იმისთვის, რომ ფეხზე დადგეს ოჯახი. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს 3 ბავშვი ეყოლება, სესხის დასაფარ თანხას ცენტრი გადაიხდის,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

შემთხვევითი სიახლე

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი

თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღლიდან გადავარდა. ნასყიდაშვილის …