მთავარი / მთავარი მოვლენები / დუნკან ჰანტერი: ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება
დუნკან ჰანტერი: ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება

დუნკან ჰანტერი: ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება

ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდემბლო ორგანოში, კონგრესში, ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ და ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მიღება გაიმართა.

116-ე მოწვევის კონგრესი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია და ბევრ ახალ სახეს აერთიანებს. საქართველოს საელჩო შეერთებულ შტატებში ცდილობს მათ ქართული ღვინის ფონზე ის გეოპოლიტიკური გამოწვევები გააცნოს, რომლის წინაშეც საქართველოა.

„იანვრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი კონგრესი ჰყავს, შესაბამისად, შემოემატნენ ახალი წარმომადგენლები და მათი ოფისები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ ხალხთან განვაახლოთ აქტიური მუშაობა და გავაცნოთ ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის მიმართულებით“, – აცხადებს საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

იანვრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი კონგრესი ყავს, შესაბამისად შემოემატნენ ახალი წარმომადგენლები და მათი ოფისები ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ ხალხთან განვაახლოთ აქტიური მუშაობა. დავით ბაქრაძე

ამერიკა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, და საქართველოს პოლიტიკურ გამოწვევებზე „ამერიკის ხმა“ მიღებაზე მყოფ კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრებს და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.

„ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება, და რომელიც განასახიერებს თავისუფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენ [ღირებულებებთანაა თანხვედრაში]…. ჩვენ ერთი რამის გვჯერა და ეს გვართიანებს… საქართველო სწორ გზაზეა. ახლა ამერიკის დროა, რომ მხარდაჭერა ვაჩვენოთ და საქართველოს დავეხმაროთ. ჩვენ ამას კონგრესში ვაკეთებთ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს და სხვა თავისუფალ ქვეყნებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან ყველა შესაძლო გზით“, – ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი.

ახალ კონგრესმენებთან ერთად, მიღებაზე ის ადამიანები იყვნენ, ვინც საქართველოს კარგად იცნობს. ლარა ლინდერმანი “ატლანტიკური საბჭოდან” ამბობს, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველოს მნიშვნელობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მისი დემოკრატიული განვითარებაა.

„საქართველო, რეგიონში და მის მიღმა, დემოკრატიული მახასიათებლებით გამოირჩევა… თუ დემოკრატიის კუთხით უკუსვლა მოხდება, საქართველო ამით დაკარკავს მთავარ კომპონენტს, ის რთულ სამეზობლოშია, უსაფრთხოების კუთხით რთულ მდგომარეობაშია, ეკონომიკა იზრდება, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით, არც თუ ისე დიდია, ამიტომ თუ დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება“, – თქვა “ამერიკის ხმასთან” ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკლევარმა ლარა ლინდერმანმა.

ლინდერმანს ეთანხმება ამერიკის ყოფილი ელჩი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი ჯონ ჰერბსტი.

„პირველი, უსაფრთხოების საკითხებზე შესანიშნავი თანამშრომლობაა. ვაშინგტონისთვის, ძალზედ ღირებულია საქართველოს წვლილი სხვადასხვა მისიაში, ავღანეთში და ა.შ. მათ ესმით, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა თავდაცვის კუთხით, რომ მზად ყოფილიყო ნატოში ინტეგრაციისთვის. მეორე, დემოკრატიის და რეფორმების საკითხია. საქართველომ 2003 წლის შემდეგ მოიპოვა ძალიან კარგი რეპუტაცია. და ბევრი ადამიანი ვაშინგტონში, საქართველოს მეგობრები, ღელავენ რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ უკუსვლას ვხედავთ… უკანასკნელი არჩევნები არ იყო კარგი საქართველოს იმიჯისთვის თუ მისი პრაქტიკისთვის. თუ ეს ცალკეული შემთხვევაა და ჩვენ ღიად ვიხილავთ დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნებას, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი. მაგრამ თუ ეს ტენდენციაა, ამას აუცილებლად ექნება გავლენა [ორი ქვეყნის] ურთიერთობაზე“, – განაცხადა ჰერბსტმა.

​მიღებაზე ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებიც იმყოფებოდნენ. „ამერიკის ხმასთან“ უმრავლესობის წარმომადგენელი, თამარ ხულორდავა ამბობს, რომ მნიშნელოვანია შეერთებულ შტატებში საქართველოს იცნობდნენ, როგორც სანდო სტრატეგიულ პარტნიორს და ასევე, როგორც ქვეყანას, მდიდარი ისტორიით.

„შეერთებული შტატები საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი და ამ ურთიერთობებს განაპირობებს არა მარტო ის, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები საერთო სფეროში, არამედ ისიც, რომ ამერიკის მხარე, ამერიკის პოლიტიკური წრეები კარგად იცნობდნენ საქართველოს… გვიცნობდნენ, არა როგორც მხოლოდ ქვეყანას, რომელიც არის მათთვის სანდრო და საიმედო პარტნიორი, ეს კარგად იციან ჩვენმა კოლეგებმა კონგრესში, არამედ ისიც, რომ ჩვენ ვართ მდიდარი კულტურის, ისტორიის ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც საინტერესო უნდა იყოს ამერიკისთვის“, – ამბობს თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის წევრი.

საპარლამენტო უმცირესობიდან, ელენე ხოშიტარია ხაზს უსვამს იმას, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ გაითვალისწინოს ამერიკელი პარტნიორების მესიჯები დემოკრატიული კურსის შენარჩუნებაზე.

„ამერიკა არის მთავარი პარტნიორი საქართველოსი, რომელიც ერთის მხრივ, ჩვენი უსაფრთხოების გარანტია იმ გამოწვევების წინაშე, რაც გვაქვს, და ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან დიდი მხარდამჭერია საქართველოში დემოკრატიის. ესაა ქვეყანა, რომელშიც დღეს საუბრობენ, რომ საქართველოში არის გამოწვევები დემოკრატიის, რაც რა თქმა უნდა პრობლემებს შეუქმნის ამ მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, ჩვენ სერიოზულად დავფიქრდეთ დემოკრატიის ამ გამოწვევებზე“, – უთხრა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ “ამერიკის ხმას”.

ვაშინგტონში საქართველოს მხარდაჭერას აღუთქვამენ, თუმცა ასევე მიუთითებენ, რომ ეს მხარდაჭერა პირობითია და თბილისის მიერ დემოკრატიული კურსის შენარჩუნებას უკავშირდება.

წყარო: ამერიკის ხმა | ავტორი: ანი ჩხიკვაძე

შემთხვევითი სიახლე

შსს: თამარაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს

შსს: თამარაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. …