მთავარი / მთავარი მოვლენები / ცნობილია, რა იდეით მივიდა ოქუაშვილი ივანიშვილთან და რატომ ჩაიშალა შემდეგ ეს პროექტი

ცნობილია, რა იდეით მივიდა ოქუაშვილი ივანიშვილთან და რატომ ჩაიშალა შემდეგ ეს პროექტი

გასულ კვირაში პროკურატურამ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანის დაკითხვის ოქმი გამოაქვეყნა, რომელშიც ის დეტალურად იხსენებს “ომეგა ჯგუფში” არსებულ მდგომარეობას.

ოქმის თანახმად, საგადასახადო დავალიანება 6 მილიონს აღწევდა, ვალების ვალების რესტრუქტურიზაციაზე, აღსრულების პროცესის შეჩერებასა და აქციზის გაცემაზე მოლაპარაკებებს ყიფიანი პირადად აწარმოებდა პრემიერმინისტრ კვირიკაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ქუმსიშვილთან, ბიზნესომბუდსმენ გახარიასთან  და ბიძინა ივანიშვილთან.

გამოკითხვის ოქმში წერია, რომ სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ოქუაშვილს კიდევ ერთხელ დასჭირდა ყიფიანი. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ომეგას თემაზე ივლისში შედგა, ამჯერად ივანე მაჭავარიანთან. საგადასახადო დავალიანება იმ მომენტში 50 მილიონს შეადგენდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ორგანიზებაც ლევან ყიფიანმა შეძლო. შეხვედრაზე ოქუაშვილმა ივანიშვილს კონკრეტული გეგმა და ახალი ბიზნესიდეა გააცნო. იდეის არსი დიდ ფართობზე თამბაქოს პლანტაციების გაშენებას გულისხმობდა, რომლისგანაც შემდეგ ქართული თუთუნის ბაზაზე წარმოებული, მაღალი ხარისხის სიგარეტი და სიგარები უნდა დამზადებულიყო და ექსპორტზე გასულიყო.

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული თამბაქოს წარმოების განვითარებისთვის 20 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავდა.

“დაახლოებით 2016 წლის  ზაფხულში დამირეკა ბიძინა ივანიშვილმა და მითხრა შევხვედროდი ლევან ყიფიანს, მას საინტერესო პროექტი აქვსო, თამბაქოს წარმოებას შეეხებაო, თამბაქოს ისტორიული წარმოება აღდგებაო. იმ კვირაშივე შევხვდი ლევანს. მან მომიყვა რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო აჭარასა და ლაგოდეხში. მიწებიც ჰქონდათ ნანახი. გაკეთდებოდა სიგარები, გავიდოდა ექსპორტზე”, – ამბობს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი.

ბაჩიაშვილს იდეა ბიზნესპროექტად უნდა ექცია. განესაზღვრა როგორ გადანაწილდებოდა საკონტროლო პაკეტი და ვინ იქნებოდნენ პარტნიორები. ბაჩიაშვილის თქმით, ბიზნესში ქართველი მწარმოებლები უნდა შემოსულიყვნენ. ამიტომ გადაწყდა, რომ ოქუაშვილთან ერთად ბიზნესში ვანო ჩხარტიშვილი შესულიყო, როგორც თამბაქოს ქართული ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე.

“იმედის კვირის” ცნობით, მართალია პროექტს მთლიანად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, მაგრამ მისი რეალური მესაკუთრე სამი პარტნიორი ხდებოდა: ოქუაშვილი, ჩხარტიშვილი და ყიფიანი. სწორედ ყიფიანს ჰქონდა ბიზნესში ყველაზე მეტი წილი – 60%, მის დასადებ თანხასაც ივანიშვილი იხდიდა. თანხის დაბრუნებას კი ყიფიანი ბიძინა ივანიშვილისთვის რამდენიმე წელში, პროექტის მოგებიდან აპირებდა.

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მისი იდეა იყო, რომ ვანო ჩხარტიშვილს და ზაზა ოქუაშვილს 30-30% აეღოთ და 6-6 მილიონი დოლარი ჩაედოთ თამბაქოს ბიზნესში, თუმცა მათ ეს არ ისურვეს.

ვანო ჩხარტიშვილის თქმით, საბოლოოდ წილები ასე გადანაწილდა: 20% “თბილისის თამბაქო”, 20% ზაზა ოქუაშვილი, 60% საპარტნიორო ფონდი. თუმცა, როცა გადაწყვეტილების დრო მოვიდა, ოქუაშვილმა გადაწყვეტილება ისევ შეცვალა.

“კი  მე ვიხდიდი, თავიდან ზაზაც იხდიდა. გონებრივადაც მგონი ცოტა შეზღუდულია… მოვიდოდა ერთ დღეს იტყოდა კიო, მერე შეიცვლიდა აზრს. შემდეგ შემოიტანა ახალი ვარიანტი, რომ ფულის მაგივრად ქარხნის საგარანტიო წერილებს შემოვიტანო. ასეთმა არასტაბილურმა, არაპროგნოზირებადმა ურთიერთობამ ჩაშალა პროექტი”, – ამბობს ვანო ჩხარტიშვილი.

დღეს ვანო ჩხარტიშვილი დარწმუნებულია, რომ ოქუაშვილმა ქართული თამბაქოს წარმოების პროექტი შეგნებულად ჩაშალა და ამით  ფინანსური სარგებელიც ნახა. კერძოდ, პროექტი თამბაქოს იმპორტიორ კომპანიას მიყიდა და ეს კომპანია, ჩხარტიშვილის ინფორმაციით “ფილიპ მორისია”.

“ფილიპ მორისის” ქართულ წარმომადგენლობაში „იმედის კვირას“ უთხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რა გარიგებაზე ლაპარაკობს ჩხარტიშვილი. კითხვაზე, გაყიდა თუ არა ბიზნესპროექტი ოქუაშვილმა, პასუხი “იმედის კვირას” მისმა ადვოკატმა არ გასცა. დუმილის უფლებას იყენებს ლევან ყიფიანიც. კითხვებზე პასუხის გაცემა არც მან ისურვა.

შემთხვევითი სიახლე

„კარაპს მედლაინი“ – უცხოელი პაციენტების რიცხვი იზრდება, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში კარგ ექიმთან მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება

„plastikus” ბერძნულად „ფორმის მიცემას”, ლათინურად კი „დახვეწილს” ნიშნავს. ის, ვინც სილამაზისა და დახვეწილობისკენ მიილტვის, სრულყოფილ …